„კანვას საქართველოს" დირექტორი სასამართლოში გამოკითხეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოჰკითხეს „კანვას საქართველოს" დირექტორი გიორგი მელაძე.

მან რადიო თავისუფლებასთან განაცხადა, რომ ის, რაც სხდომაზე მოისმინა, საშიშია ადამიანის უფლებებისთვის.


„მინდა, ამ ყველაფრის წინააღმდეგ სასამართლოში საქმე დავიწყო. ამ ყველაფრის ასე გატარება არ შეიძლება - ადგა და გრიფი მიანიჭა, არ შეიძლება. მგონია, რომ საზოგადოებას უფლება აქვს, იცოდეს, რა ხდებოდა იქ. ჩემი შეფასებით, იქ ჩემს გამოკითხვაში არაფერი საიდუმლო არ იყო...

რაც ხდებოდა, ის იყო შეურაცხმყოფელი - კითხვები, რაც იყო ჩემ მიმართ დასმული, იყო შეურაცხმყოფელი პროფესიული და პიროვნული თვალსაზრისით... სახელმწიფომ თუ გადაწყვიტა ამ კითხვის დასმა, ეს უკვე არის დიდი პრობლემა, სახუმარო არაფერი არ არის. მე რაც მოვისმინე, იყო ძალიან საშიში ადამიანის უფლებებისთვის," - ამბობს გიორგი მელაძე.

გიორგი მელაძის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარების შესახებ ცნობილი გახდა გუშინ, 4 ოქტომბერს.

გამოკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს მოჰყვა, რომლის დროსაც, არეულობის მოწყობის ხელშეწყობის კონტექსტში ახსენეს „კანვას საქართველო“.